… მე 90-იანელი ვარ. შენც, შენც, შენც, შენც და შენც. თუ პურის რიგში არ მდგარხარ და კერასინკის ჭვარტლით არ გაშავებულხარ, რაა მამული?!
ჩემი, ჩვენი მამულის 90-იანებმა რომ უშრეტი, ამოუწურავი თემა დაუტოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ჩვემთვის უკვე ეჭვგარეშეა. თუმცა, საიდან დაინახავ და საიდან დაანახებ ამ ყველაფერს, ამაშია საქმე. ბევრის ვერ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახე და ვიგრძენი, ჩემი დაბრუნება იყო და მთელი ღამე იქ დავბორიალობდი – ბორდოსფერი მანტო მეცვა (დიდი რომ მქონდა) და სითბოსთვის ბებიაჩემმა შიგნით რაღაც რომ გამოაკერა; ცისფერი ჩექმა – შესაკრავი რომ გაუფუჭდა და სამი დღე რომ ვიტირე. მერე, დედაჩემმა სკრეპი მოაბა და მრცხვენოდა, იმ ფეხს შიგნით ვდგამდი. თერთმეტის ნახევარზე შუქი მოდიოდა, მაგრამ ხშირად უბნის აღფრთოვანებული ააააააააა მომენტალურად ოოოოო – თი იცვლებოდა. ლამპის შუშას ქაღალდი ჰქონდა ჩამოცმული – თვალები არ მტკენოდა და სკოლაში თითო ნაჭერი შეშა მოგვქონდა. სკოლის პედაგოგ ქალთა უმრავლესობა მდედრულად ზვიადისტი იყო. გარჩევები სამასწავლებლოში. წლები გადიოდა და საღამოს 6 საათის შემდეგ, გარეთ რა ხდებოდა არ ვიცოდი. ჩემი სკოლელი მოიტაცეს და დააბრუნეს. მეორეც მოიტაცეს და ის დარჩა. მოტაცებები კლასიკა იყო. ამის გარეშე, სიტუაცია – ნოლი! მახსოვს, ერთხელ ტელევიზიით კადრებიც გავიდა, როგორ ჩატენეს ნოლშესტში გაჩერებაზე მდგომი გოგოშკა და ჰერიიი… ჩემი უფროსი დეიდაშვილები ფეხებს მაბრეცინებდნენ, მოდაშიაო და დედაჩემი მკლავდა
“გრძელი ნათელი დღეები” ვნახე გუშინ. კიდევ უნდა ვნახო. თუ რამე დამეჯერება, ასეთი ნამდვილი, არანაყალბევი ქართული “90-იანური” ფილმი მე არ მინახავს. ჩვენზეა ფილმი…. სკოლის მერე, ვინმესთან შეყრილი საგოგოეთი, პიანინოს გრიალი და მრავალხმაში სიმღერა, მოფრიალებული ფანჯრები. უბნის საეჭვო, ძალიან საეჭვო და “ისე რა” ტიპები. გაღიზიანებული მშობლები… ცისფერი კაფელი, სიშავეშეპარული პარკეტი. ურთიერთობები, რომლებიც აღარ გვაქვს… დაბღვერილი მოზარდები, უხასიათობა, საოცარი გასართობები…
საოცარი, მართლა საოცარი ქორწილის სცენები… და ცეკვა. ფანტასტიურად მუშაობს კამერა, საოცრად! ცეკვის ეპიზოდმა მთლიანად შიგნით შემითრია და შალახოს ტაშტააშ-ტააშს ამაყოლა…. და აესე, მარტივად – არ გინდა ფილმი დამთავრდეს.
და ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი - ეკა (ლიკა ბაბლუანი) – საოცარი ბავშვი, ხარივით დიდი და ულამაზესი თვალებით, პატიმარი მამით, “დიდი გოგო” დითა და ყველაფრით დაღლილი დედით. გოგო, რომელმაც მთელ სამყაროს აპატია არსებობა. აპატია საკუთარ თავს, პურის რიგის გავეშებულ ბრბოს, უბნელ ბიჭბუჭობას, მამას, საუკეთესო მეგობარს და დამპალ ქვეყანას. ჩვენსავით უხასიათო, მაგრამ ძლიერი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა.
მე 90-იანელი ვარ. ახლა, წვიმაში აღარ დავრბივარ, სკოლიდან აღარ ვიპარები, გაკვეთილზე არ ვმაიმუნობ, შეშის ფეჩის შუქზე აღარ ვკითხულობ. აღარც შეყვარებულთან ერთად დავიპარები ტალახიან ქუჩებში და მერე დედაჩემს აღარ ვატყუებ. “ბუხანკა” პურის “გარბუშკაც” წლებია არ გამიღრღნია. სკოლის მერე აღარ დავეღეტები უმიზნოდ…
ჰოდა, თუ რამე დამეჯერება, წადით და ეს ფილმი ნახეთ… ჩვენ 90-იანელები ვართ.
