Foodography გთავაზობთ შოკოლადის ჩიზქეიქის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად ღუმლის ჩართვაც კი არ მოგიწევთ.
შოკოლადის ჩიზქეიქი
მასალა:
300 გრ ხრაშუნა ორცხობილა (საიუბილეო მაგალითად)
100 გრ კარაქი
400 მლ ნაღები 30-33%
200 გრ ნაღების ყველი (cream cheese)
ჟელატინის 6 ფირფიტა
100 გრ შავი შოკოლადი
100 მლ რძე
1/3 ჭიქა შაქრის პუდრი
მოცხარი მოსართავად.
მომზადება:
ორცხობილა დაატრიალეთ ჩოპერში, ან წვრილად დაფქვით, უნდა მიიღოთ ფქვილისებური მასა. შეურიეთ დამდნარი კარაქი, ტორტის გასახსნელ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი (მხოლოდ ძირზე), გადაიტანეთ კარაქიანი ორცხობილა და კარგად დატკეპნეთ, კოვზის ზურგით, შეინახეთ მაცივარში.
შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე.
ნაღები ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ შაქრის პუდრი და ყველი, მორევა გააგრძელეთ ხელის სათქვეფით ან სპატულათი. ამ მასას დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი.
ცივ წყალში დაალბეთ ჟელატინის ფირფიტები, 10 წუთით. ხელით გაწურეთ და გადაიტანეთ ქვაბში სადაც უკვე ასხია რძე, შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ შეუჩერებლივ, არ აადუღოთ! როდესაც ჟელატინი გაიხსნება, რძე საწურის გავლით ჩაასხით შოკოლადიან მასაში, მოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში.
გააცივეთ მინიმუმ 6 საათი. ფორმის კედელსა და ყველიან მასას შორის წრიულად დაუსვით ბრტყელი დანა, ასე მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.
მორთეთ მოცხარით ან ნებისმიერი კენკრით.
